პატარა უფლისწული

           მეგობრისგან საინტერესო  შემოთავაზება  მივიღე, რაც ითვალისწინებდა  გამეკეთებინა რეპეტიციების ფოტორეპორტაჟი.  შემოთავაზება  მოულოდნელი და საინტერესო იყო. სპეკტაკლში შეზღუდული შესაძლებლობების, დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ამაზე უარის თქმა არ შემეძლო, რადგან ჩემს გაზრდაში დიდი წვლილი  სწორედ შესზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს მიუძღვის. კარგად მახსოვს ამ ადამიანის რეალობა. მის ცხოვრებას ბავშვობიდან ვაკვირდებოდი. მერე, როცა გავიზარდე და მისი მანქანით გასეირნება შევძელი, დაუვიწყარი აღმოჩნდა მისი ემოციები და ის, თუ როგორ ადევნებდა თვალს მოძრავ ქალაქზე. ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანისათვის ასეთი უნდა ყოფილიყო ყოველდღიურობა, მაგრამ იმ დროს ეს შეუძლებელი იყო.  მაშინ არავინ ზრუნავდა ადამიანის მრავალფეროვანი შესაძლებლობების განვითარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. მართლაც ბევრი რამ არის დამოკიდებული გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ და ვვითარდებით. აუცილებელია საზოგადოების თითოეულ წევრს შევთავაზოთ ალტერნატიული გარემო, რომელიც მისცემს საშუალებას აღმოაჩინოს, განავითაროს და შეინარჩუნოს მისი ძლიერი მხარეები, იყოს თვითრეალიზებული, ინტეგრირებული, კონკურენტუნარიანი საზოგადოებისთვის.                         
        ამ პროექტის მიზანიც სწორედ ის იყო, რასაც ასე საჭიროებს საზოგადოება: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობის გაზრდა კულტურაში,  საზოგადოების მიმღებლობის გალიერება და ცნობიერების ამაღლება განსხვავებული შესაძლებლობების მიმართ,  ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანების პროფესიული კომპეტენციების გაზრდა და გაზიარება შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებთან თანამშრომლობით, საბოლოოდ, პროექტზე მუშაობა იმაზე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. მათი შესაძლებლობების მჯეროდა, მაგრამ გაკვირვებას იწვევდა ნიჭიერება და მონდომება, რომელიც რეპეტიციებისას გამოამჟღავნეს. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივების რიცხვმა უნდა იმატოს.  რაც შეეხება განათლებას, ინკლუზიური სწავლების პროცესი მიმდინარეობს ბაღებში, სკოლებში და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც ქვეყნისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია.  სახელოვნებო განათლების კუთხით კი, სკოლაში სწავლებისას თუ მისი დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს უნდა ეძლეოდეთ პროფესიით დასაქმების საშუალება. მათ უნდა სთავაზობდნენ  კულტურულ აქტივობებში ჩართვას. მით უფრო, რომ არსებობს თეატრი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ერთმანეთთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის.

       „ალტერ დრამას“ სახელით გაერთიანებული პროფესიონალების გუნდი დარწმუნებულია, რომ ხელს შეუწყობს შშმ პირების კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას, პროფესიონალებთან მუშაობით საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და ინტერესების დაკმაყოფილებას. პროექტი აუცილებლად დაეხმარება საზოგადოებას აიმაღლოს ცნობიერება  შშმპ საკითხებთან დაკავშირებით. 


ანტუან დე სენტ-ეგზუპერის „პატარა უფლისწული“.

50-მდე მონაწილის ჩართულობით, წარმოდგენა გაიმართა საქართველოში ყველაზე ადაპტურ სივრცეში - „მოძრაობის თეატრში“. მასში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პროფესიონალი მსახიობები, მუსიკოსები და მოცეკვავეები. სპექტაკლის მომზადებაში, საორგანიზაციო თუ შემოქმედებითი ჯგუფის გარდა, ჩართული იყვნენ მოხალისეები, მათ შორის ახალგალგაზრდა რეჟისორები, რომლებიც მომავალში დამოუკიდებლად შეძლებებ ინტეგრირებულ დასთან მუშაობას. მოხალისეებთან იმუშავა ფსიქოლოგმა. პრემიერის დღეს მოეწყო ფოტო გამოფენა, სადაც აღბეჭდილი იყო სპექტაკლის გმირების პორტრეტები თუ ფოტო-ისტორიები.
წარმოდგენისა და ფოტოგამოფენის პარალელურად, მოგვიანებით მოეწყო დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელმაც ასახა „პატარა უფლისწულის“ მომზადების პროცესი, სამაგიდო რეპეტიციებიდან პრემიერი დღის ჩათვლით. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ დადგმა, ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმი უფრო ფართო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და საქართველოს სხვადსახვა რეგიონებშიც იმოგზაურებს. „საქართველოს აუტიზმის საზოგადოებასთან“ თანამშღომლობით, პროექტი ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.